იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant). მეთოდი
იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.